"ქართული დასი" დავით-გარეჯთან დაკავშირებული ვითარების გამო, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დასმას ითხოვს.
როგორც პარტიის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის სამართლებლივი საფუძველია, რომ ამავდროულად, ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, ქვეყანა იმ დროს მიატოვა, როცა მისი საზღვრის მთლიანობა დაირღვა.
,,პრეზიდენტი გაიქცა სახელმწიფოდან მაშინ, როცა განხორიელდა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და მისი საზღვარი მეზობელი სახელმწიფოს შეიარაღებულმა ფორმირებებმა, ამ შემთხვევაში, მესაზღვრე ძალებმა, გადმოლახეს და დაიკავეს ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით -- ეროვნული სიწმინდეები. ამავე დროს ქვეყანაში მოხდა ტრაგედია და მას ძალიან დიდი ზარალი მიადგა. პრეზიდენტი კი ქვეყნიდან გაიქცა და მილანში საათებისა და რაღაც ნივთების ყიდვით ერთობოდა. ეს მორალურად სამარცხვინო საქციელია, სამართლებრივად კი სააკაშვილის პასუხისგებაში მისაცემია და მის წინააღმდეგ იმპიჩმენტი უნდა დაიწყოს", -- აღნიშნა ბაღათურიამ.
რაც შეეხება აზერბაიჯანთან ურთიერთობას, მისი თქმით, ,,ქართული დასის,, სურვილია იმ კეთილმეზობლური ურთიერთობის გაგრძელება, როგორიც საქართველოს მასთან აქამდე ჰქონდა.
"იმედს ვიტოვებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ჩვენი პრეზიდენტისგან განსახვავებით, გონიერი ადამიანია, ამ პროვოკაციის მოსალოდნელ მძიმე შედეგებს გააანალიზებს და თავის მესაზღვრეებს საქართველოს ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაიყვანს. ეს ჩვენი ტერიტორიაა და მას ვერავის დავუთმობთ", - დასძინა დეპუტატმა.
დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში არსებულ უდაბნოს მონასტერთან 6 მაისს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩადგნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი მონასტრამდე მომლოცველებს არ უშვებენ. აღნიშნულ საკითხზე ჯონდი ბაღათურია დღეს პარლამენტში რელიგიის საკითხებზე მომუშავე 8 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.