საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დავით გარეჯის უდაბნოს კომპლექსის ტერიტორიის ადგილ-მონაცვლეობისა თუ საზღვრის დემარკაციის საკითხებზე ამჟამად მუშაობს ორი სახელმწიფოს ერთობლივი კომისია. მისი მუშაობის რეჟიმისა და პერიოდულობისაგან დამოუკიდებლად, ამ ქართული ძეგლების მოლოცვა-მონახულება ტურისტებისა და მსურველთა მიერ კვლავ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ 1929 წლის 18 თებერვლის დადგენილებით, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ხაზმა გარეჯის მონაკვეთზე - ჩიჩხიტურის სერსა და ცალკე მდგარ კოშკზე გაიარა, საზღვარი წყალგამოყოფ სერზე მთა "უდაბნოზე" აღმოჩნდა. ვინაიდან ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები: უდაბნოს მონასტერი და წამებულის კომპლექსი ამ წყალგამყოფი სერის სამხრეთ კალთაზეა გამოკვეთილი, ზემოაღნიშნული, 1929 წლის დადგენილებით, ისინი აზეირბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობენ.
ტერიტორიული საკითხები საბჭოთა პერიოდში არ იდგა, რადგანაც ეს მიწები მაშინ ერთიანი ქვეყნის (სსრკ-ს) საზღვრებში იყო მოქცეული. ამ სამონასტრო კომპლექსების დათვალიერება, საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის დაბრკოლების გარეშე იყო შესაძლებელი. უკანასკნელ ხანებშიც აქ დაუბრკოლებლად ხორციელდებოდა საფიქსაციო და კვლევითი სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მომლოცველებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონახულება აუკრძალეს და განუცხადეს, რომ სამონასტრო კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანს ეკუთვნის.