საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, 2012 წლის 15 მაისს, კონტროლის პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა განცხადება და ამ გზით შეეცადა, აეხსნა საზოგადოებისთვის, თუ რა ფაქტებმა და გარემოებებმა განაპირობა 2012 წლის 14 მაისს შ.პ.ს. `მენეჯმენტ სერვისის" 4 760 190 ლარით დაჯარიმება.
აღნიშნულ განცხადებაში, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მოყვანილია არასწორი ფაქტები და მცდარი სამართლებრივი შეფასებები. ამასთან, გაკვირვებას იწვევს ის ფაქტიც, რომ მონიტორინგის სამსახურს შ.პ.ს. `მენეჯმენტ სერვისის"-თვის დასაბუთებული დადგენილება ჯერაც არ გადაუცია და მას საჯარო განცხადებებით ესაუბრება საკუთარი უკანონო გადაწყვეტილების ახსნის მიზნით.
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, რომელიც აბათილებს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ზემოხსენებულ განცხადებაში მოყვანილ ცრუ ფაქტებს როგორც შ.პ.ს. `მენეჯმენტ სერვისის", ასევე პოლიტიკური პარტიების შესახებ.
1. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებით, `საქართველოს კონტროლის პალატაში წარდგენილი საფინანსო დეკლარაციების მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს არ ჰქონდათ დეკლარირებული საოფისე ფართების საიჯარო და რემონტის ხარჯები.~
პოლიტიკური პარტიები შევახსენებთ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, რომ, 2012 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებში, საოფისე ფართების საიჯარო და რემონტის ხარჯები არ არის, ვინაიდან ამ ხარჯების გადახდის ვალდებულება გაჩნდა მხოლოდ მარტის თვიდან. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, მარტისა და აპრილის მონაცემები დეკლარირებულია კანონით დადგენილი წესით, მათ შორის საოფისე ფართების საიჯარო ქირის ხარჯი 252 392 ლარის ოდენობით, საიდანაც შ.პ.ს. `მენეჯმენტ სერვისის" სასარგებლოდ დღეისათვის უკვე გადახდილია 200 000 ლარი. რაც შეეხება რემონტის ხარჯებს, იგი ასახულია პარტიების მიერ დეკლარირებულ და, შესაბამისად, გადახდილ საიჯარო ქირის ღირებულებაში.
2. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებით, "სარემონტო სამუშაოების ჩატარებას საკუთარი სახსრებით შ.პ.ს. "მენეჯმენტ სერვისი" ახორციელებდა, რომელიც თავის მხრივ უშუალო სარემონტო პროცედურების შესრულებას შ.პ.ს. "ბურჯს" უკვეთავდა. ორივე ზემოაღნიშნული კომპანიის დამფუძნებელია ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია".
ეს ინფორმაცია მცდარია, რადგან საკმარისია, საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ამ კომპანიების სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი ვიხილოთ და დავრწმუნდეთ, რომ შ.პ.ს. "მენეჯმენტ სერვისის" დამფუძნებელია ცენტრალურ ამერიკაში, ბელიზში რეგისტრირებული კომპანია, ხოლო შ.პ.ს. "ბურჯი"-ს დამფუძნებელია ევროპაში, ბრიტანეთში (ვირჯინიის კუნძულები) რეგისტრირებული კომპანია.
3. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებით, "ორივე საწარმოს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა და დღესაც ხელმძღვანელობს ნოე ქინქლაძე".
ამის საპირისპიროდ, საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის გადამოწმების შედეგად, ვრწმუნდებით, რომ ამ ორ კომპანიას არა ერთი, არამედ ორი სხვადასხვა პირი ხელმძღვანელობს. შ.პ.ს. B"ბურჯის" დირექტორია ბ-ნი ნოე ქინქლაძე, ხოლო შ.პ.ს. "მენეჯმენტ სერვისის" დირექტორია ბ-ნი ბესიკ დემეტრაშვილი, რომელიც ამ სტატუსით წარსდგა კიდეც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წინაშე 2012 წლის 14 მაისს და მისი ვინაობაც შემოწმებულ იქნა კონტროლის პალატისათვის ჩვეული, ზედმიწვენითი ჩხრეკის დროს.
4. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებით, `აღნიშნულ კომპანიებს საბუღალტრო მომსახურებას უწევს გიორგი ქსოვრელი".
სინამდვილეში, უამრავი დოკუმენტით, მათ შორის საბუღალტრო და საგადასახადო დოკუმენტაციით, დასტურდება, რომ შ.პ.ს. "მენეჯმენტ სერვისის" ბუღალტერი არა გიორგი ქსოვრელი, არამედ ქ-ნი მარინა ლაბაძეა. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ამ სტატუსით, ქ-ნი მარინა ლაბაძე ფინანსური მონიტორინგის სამსახურს დაბარებული ჰყავდა ახსნა-განმარტების მისაცემად 2012 წლის 10 მაისს.
5. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებით, `შ.პ.ს. "მენეჯმენტ სერვისის" (...) ხელმძღვანელი და ფინანსურ საქმიანობის აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირებიც კი, ამავდროულად, დასაქმებულები არიან ააიპ `მოძრაობა ქართულ ოცნებაში~.
სინამდვილეში, არც ბ-ნი ბესიკ დემეტრაშვილი და არც ქ-ნი მარინა ლაბაძე არ არიან ააიპ `მოძრაობა ქართული ოცნების~ საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩაბმულნი. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეს განცხადება არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ დაუსაბუთებელიც.
6. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებით, `შ.პ.ს. "მენეჯმენტ სერვისი" (...) ფართის მესაკუთრეებს წინასწარ უხდიდა რამდენიმე თვის, ხშირ შემთხვევაში იჯარის სრულ თანხას~.
სინამდვილეში, იჯარის სრული თანხის გადახდა არ მომხდარა ხშირ შემთხვევაში. ეს მოხდა გამონაკლისის სახით 60-დან მხოლოდ 2 შემთხვევაში და ისიც მესაკუთრეების მოთხოვნით მათი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, რასაც ფინანსური მონიტორინგის სამსახური მესაკუთრეებს ვერ აუკრძალავს.
7. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებით, `აღნიშნული ბიზნეს გარიგებები არ იყო მოგებაზე ორიენტირებული და, შესაბამისად, არ ემსახურებოდა კომპანიის სამეწარმეო მიზნებს~.
ამ საკითხზე, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წინაშე შედგა მხარეებს შორის მსჯელობა და მტკიცებულებებიც იქნა წარდგენილი იმის დასტურად, რომ პირიქით, აღნიშნული ბიზნეს პროექტები მთლიანად მოგებაზეა ორიენტირებული და შ.პ.ს. "მენეჯმენტ სერვისი~ 11 თვის მანძილზე დაახლოებით 400 000 ლარის მოგებას მიიღებს.
8. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებით, `საოფისე ფართების დაქირავებას და სარემონტო სამუშაოების ჩატარებას შ.პ.ს. `მენეჯმენტ სერვისი~ საკუთარი სახსრებით ახორციელებდა~ და პარტიებისგან მისაღები შემოსავალი არ აღემატება მის მიერ გაწეულ ხარჯებს.
სინამდვილეში, პოლიტიკური სუბიექტები, ქვექირავნობის ხელშეკრულებებით დადგენილი წესით, ყოველთვიურად იხდიან ქირას, ზედნადებ ხარჯებს (5%), სარემონტო სამუშაოების ხარჯებს, მოგებას (10%) და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ აღნიშნული თითოეული ბიზნეს პროექტი მთლიანად მოგებაზეა ორიენტირებული, მათ შორის, ლანჩხუთშიც, ჩოხატაურშიც, Fფოთსა და ჭიათურაშიც, და შ.პ.ს. "მენეჯმენტ სერვისი~ მზადაა საზოგადოების ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წარუდგინოს ამის დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაცია.
9. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებით, `დადგინდა, რომ ხშირ შემთხვევაში, შ.პ.ს. `მენეჯმენტ სერვისს~ ფართები უფრო ნაკლები ვადით ჰქონდა ნაქირავები, თუმცა გაცილებით დიდი ხანგრძლივობით მიქირავებული პოლიტიკურ სუბიექტებზე, რაც აბსოლუტურად კანონშეუსაბამო ფაქტია. მაგალითად, გურჯაანში, შ.პ.ს. `მენეჯმენტ სერვისმა~ საოფისე ფართი იქირავა 11 თვით, ხოლო პარტიას მიაქირავა 22 თვით. (...)~
სინამდვილეში, თუნდაც გურჯაანის შემთხვევა რომ ავიღოთ, მხარეებს შორის 2012 წლის 17 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების და მასში ხუთი დღის შემდეგ, 22 თებერვალს შეტანილი ცვლილების თანახმად, შ.პ.ს. `მენეჯმენტ სერვისის~ მიერ შესაბამისი მესაკუთრისგან ფართი არა 11 არამედ 34 თვით იქნა ნაქირავები და პოლიტიკურ პარტიებზე 22 თვით იქნა შემდეგ მიქირავებული. აღნიშნული ხელშეკრულება და ცვლილება დარეგისტრირებული იქნა 2012 წლის 22 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის ამონაწერიც ადასტურებს ჩვენ მიერ ზემომოყვანილ ფაქტებს და ერთვის ამ განცხადებას. გარდა ამისა, აღნიშნული დასტურდება შესაბამისი მესაკუთრის მიერ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წინაშე 2012 წლის 18 მარტს გაკეთებული ახსნა-განმარტების ოქმითაც. მესაკუთრემ თავად წარუდგინა ფინანსური მონიტორინგის სამსახურს 2012 წლის 22 თებერვლის ცვლილების შესახებ შეთანხმების ასლი. როგორც ჩანს, ფინანსური მონიტორინგის სამსახური ან არ გაეცნო მისივე ხელთ არსებულ საბუთებს ან შეგნებულად გააკეთა საჯარო განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.
ანალოგიურად არსებობს ხელშეკრულებები და შეთანხმებები, რომლებიც გაფორმებულია შ.პ.ს. `მენეჯმენტ სერვისსა~ და პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებითაც დასტურდება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებაში მოყვანილ სხვა რაიონებთან დაკავშირებული ინფორმაციის საწინაღმდეგო ფაქტები.
10. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებით, მის მიერ სრულიად გაუგებარი მიზეზებით დადგენილი `დარღვევები კომპანიის წარმომადგენლებმა მხოლოდ ტექნიკური მიზეზებით ახსნეს.~
სინამდვილეში, მოცემულ ე.წ. დარღვევებს კომპანიის წარმომადგენლებმა დაუპირისპირეს წონადი არგუმენტები და დოკუმენტაცია, რაც, სრულიად უკანონოდ და აგრესიული მიზანმიმართულებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა არ გაიზიარა.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მოვუწოდებთ, პროფესიული სერიოზულობისა და სინდისის შესაბამისად, მოცემული სხდომის ოთხსაათიანი აუდიო ჩანაწერი მხარეებსაც მიაწოდოს და საზოგადოების წინაშეც გამოაქვეყნოს.
და ბოლოს, გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, საჯარო განცხადებების კეთებისა და საზოგადოების შეცდომაში შეგნებულად შეყვანის ნაცვლად, შეიმუშავოს და შ.პ.ს. `მენეჯმენტ სერვისს~ დროულად ჩააბაროს 4 760 190 ლარით დაჯარიმების შესახებ მიღებული დასაბუთებული დადგენილება.