საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან დაკავშირებით მისსავე გაკეთებულ განცხადებას ,,ფეისბუკის" ოფიციალური გვერზე ეხმიანება.
მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული კომენტარის განზრახ, თუ უნებლიეთ მცდარად ციტირება მოხდა.
,,უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, არაერთხელ მოხდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ჩემს მიერ გაკეთებული კომენტარის განზრახ თუ უნებლიედ მცდარად ციტირება. ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ სპეკულაციებსაც. ფაქტები კი არის შემდეგი:საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დღემდე მიმდინარეობს. სახელმწიფოთაშორისი სადელიმიტაციო კომისიების მიერ ამ დროისათვის საზღვრის 66%-ია შეთანხმებული. შეუთანხმებელ მონაკვეთთა შორის არის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის დაახლოებით 2%, მათ შორის უდაბნოს მონასტრის სენაკები და მასთან მისასვლელი ბილიკები, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ხსენებული 2% საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული ადმინისტრაციული დაყოფით აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონტროლქვეშ მოექცა შესაბამისად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დანარჩენი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზეა", _ განმარტავს ნინო კალანდაძე ,,ფეისბუქის" გვერზე.
ნინო კალანდაძის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ უდაბნოს მონასტერში მოღვაწეობდნენ სასულიერო პირები და ეკლესიას სტუმრობდნენ მომლოცველები აზერბაიჯანული მხარე აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებას არ ზღუდავდა.
,,იმის გათვალისწინებით, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალ უდაბნოს მონასტერში მოღვაწეობენ სასულიერო პირები და მას სტუმრობენ მომლოცველები, ტურისტი-დამთვალიერებლები, აზერბაიჯანული მხარე, ქართული მხარის ძალისხმევის შედეგად, წლების განმავლობაში, ამ ტერიტორიაზე თავისუფალ გადაადგილებას არ ზღუდავდა", _ განმარტავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ,,ფეისბუკის" გვერზე.
მისივე განცხადებით, საგარეო უწყება ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ სასულიერო პირებმა და ტურისტებმა გადაადგილება აღნიშნულ ტერიტორიაზე თავისუფლად მოხერხონ.
,,დაახლოებით 10 დღის წინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართულ მხარეს განუცხადეს, რომ უდაბნოს მონასტერის ტერიტორიაზე, მხოლოდ სასულიერო პირებსა და მესაზღვრეებს შეუშვებდნენ. ამჟამად, ჩვენი ძალისხმევა აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველა მსურველისათვის თავისუფალი გადაადგილების კვლავ უზრუნველყოფისაკენ არის მიმართული. ცხადია, რომ ქართული მხარე მოლაპარაკებების წარმართვისას ქართული სახელმწიფოს ინტერესებით ხელმძღვანელობს", _ აცხადებს კალანდაძე.
მისივე თქმით, დავით გარეჯის სამინასტრო კომპლექსი საქარველოს საკუთრებაა.
,,დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მთლიანად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისადმი კუთვნილების საკითხი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში არასოდეს დამდგარა და არც დღეს დგას კითხვის ქვეშ. ის ერთმნიშვნელოვნად ქართული კულტურის ძეგლია", _ აცხადებს მინისტრის მოადგილე.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე იმედს გამოთქვამს, რომ უდაბნოს მონასტერთან დაკავშირებული პრობლემა კეთილმეზობლურ და მეგობრულ სულისკვეთებით გადაწყდება.
,,რაც შეეხება სამონასტრო კომპლექსის ზემოთაღნიშნულ მონაკვეთზე ყველა მსურველის თავისუფლად გადაადგილებას, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს საკითხი, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულებამდე, ორ ქვეყანას შორის ტრადიციული კეთილმეზობლური და მეგობრული სულისკვეთებით გადაწყდება",_ წერს ნინო კალანდაძე ,,ფეისბუკის" გვერდზე.