,,დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭო 12 მაისს თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და ტრაგედიის რეალური მიზეზების დასადგენად სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვს.
,,2012 წელის 12 მაისს, თბილისში ძლიერი წვიმისაგან გამოწვეულმა წყალდიდობამ ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ასობით ჩვენი თანამოქალაქე დაშავდა, ათეულობით ოჯახი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა და დაზარალდა. ბუნებრივია, სტიქიური უბედურებისაგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ მაშინ, როდესაც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარია გამოყოფილი და პრეზიდენტი პრაქტიკულად ყოველდღე ახალი „უპრეცედენტო" ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაციას ახდენს, ერთ საათიანი წვიმა სტიქიურ უბედურებად გადაიქცა ქვეყნის დედაქალაქისათვის"_ ნათქვამია განცხადებაში.
საბჭოს წევრების განცხადებით, თბილისში მთლიანადაა მოშლილი სანიაღვრე სისიტემა. გზები და ქუჩები არასათანადოდ კეთდება.
,,აღმოჩნდა, რომ თბილისში სანიაღვრე სისტემა პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს, მოშლილია წყალსაცავების კოლექტორები, არასწორად შენდება და რემონტდება გზები.", _ ნათქვამია განცხადებასში.
მათივე განცხადებით, სტიქიამ რაიონები უკიდურესად დააზარალა.
,,უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა რეგიონების მოსახლეობა, რამდენიმე სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს, ჩამოშლილია გზები, დატბორილია ასობით სახლი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები, განადგურებულია ნათესები. დაზარალებული მოსახლეობის თქმით მიუხედავად არაერთი თხოვნისა ადგილობრივი ხელისუფლებიდან მათ ყურადღებას არვინ აქცევს, დღემდე ისინი ყველანაირი დახმარების გარეშე არიან დარჩენილნი", _ აღნიშნულია განცხადებაში.
,,დემოკრატიული მოძრაობის" საბჭოს წევრების განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს სტიქიისგან თავის დასაცავლად ადეკავატური ნაბიჯები არ გადაუდგამთ. საბჭოს წევრების თქმით, 12-13 მაისს მედიით გავრცელებული ინფორმაცია კითხვის ნიშნებს ბადებს.
,,რაც ყველაზე მთავარია, ხელისუფლებას არ გაუტარებია არანაირი პრევენციული ღონისძიება სტიქიის შედეგებისაგან თავის დაზღვევის მიზნით, არ გავრცელებულა შესაბამისი სტრუქტურების საგანგებო შეტყობინებაც კი, მოსალოდნელი ძლიერი წვიმის შესახებ.
12 და 13 მაისს სხვადასხვა ტელეარხზე გავრცელებული ინფორმაციები და ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები უამრავ კითხვის ნიშანს ბადებს".
,,დემოკრატიული მოძრაობის" წევრები, ტრაგედიის რეალური მიზეზების დასადგენად სპეციალური კომისისს შექმნას ითხოვენ.
„დემოკრატიული მოძრაობა" მოითხოვს დაუყოვნებლივ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის 12 მაისის წყალდიდობის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის რეალურ მიზეზებს.", _ ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოძრაობის წევრები, ასვე სახალხო დამცველისგან თბილისის მეშვიდე იზოლატორში მონიტორინგის განხორციელებას ითხოვენ.
,,ასევე მივმართავთ სახალხო დამცველს დაუყოვნებლივ განახორციელოს მონიტორინგი თბილისის მეშვიდე იზოლატორში და საზოგადოებას მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია პატიმრების რეალური მდგომარეობის შესახებ".