ევროკავშირის მზარდ შეშფოთებას იწვევს საქართველოში ქონებრივი უფლებების სრულად დაცვის საკითხი, - ნათქვამია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშში, რომელიც 2011 წელს მოიცავს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საკითხს კიდევ უფრო ის ართულებს, რომ არ ხდება მოსახლეობასთან შეთანხმება და მისი სათანადოდ ინფორმირება ადგილობრივი განვითარების იმ გეგმების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე.
"მზარდ შეშფოთებას იწვევს საქართველოში ქონებრივი უფლებების სრულად დაცვის
საკითხი. ახლახანს წარმოიშვა მნიშვნელოვანი რაოდენობის დავები, რომელიც
უკავშირდება იმ მიწის ფლობის საკითხს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა
ტრადიციულად იყენებდა. ეს დავები მიწის კანონიერი მფლობელობის არარსებობამ თუ მისმა ბუნდოვანებამ გამოიწვია. საკითხს კიდევ უფრო ის ართულებს, რომ არ ხდება მოსახლეობასთან შეთანხმება და მისი სათანადოდ ინფორმირება ადგილობრივი განვითარების იმ გეგმების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე",- ნათქვამია ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 15 მაისს ევროკომისიამ და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნეს ყოველწლიური "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის კომპლექტი", რომელშიც შედის: ერთობლივი კომუნიკე ("ახალი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება" ), სადაც
მოცემულია 2011 წელს მიღებული ახალი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის
განხორციელების პირველი წლის შეფასება, ცალკე ერთობლივი კომუნიკე, რომელშიც
შეთავაზებულია "აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკა", ანგარიში "პარტნიორობა დემოკრატიისა და საერთო კეთილდღეობისათვის", რომელიც შეეხება სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს (სამომავლო ქმედებების საგზაო რუკის ჩათვლით), ანგარიში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ, 12 ანგარიში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ (რეკომენდაციების ჩათვლით) და დანართი სტატისტიკური მონაცემებით.
თბილისში ანგარიშის პრეზენტაცია საქართელოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა გამართა.