16 მაისს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა გენერალური კომიტეტის თავჯდომარე, იტალიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრი მატეო მიკაჩი ეწვევა. მატეო მიკაჩი თსუ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ეუთოს როლი დემოკრატიის ხელშეწყობასა და ადამიანური უფლებების დაცვაში."
მატეო მიკაჩი იტალიელი პოლიტიკოსი და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტია. იგი ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ესწრებოდა მრავალ სამთავრობო, საპარლამენტო და არასამთავრობო კონფერენციას დემოკრატიის ხელშეწყობასა და ადამიანური უფლებების დაცვის თემებზე. როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ქვეყნების არჩევნების სადამკვირვებლო მისიებში (მოლდოვა (2009), დიდი ბრიტანეთი (2010 მაისი), ბოსნია ჰერცოგოვინა (2010 ოქტომბერი) აშშ (2010 ნოემბერი) ბელორუსი (2010 დეკემბერი), ყაზახეთი, როგორც ეუთოს მისიის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე (აპრილი 2011), მაკედონია და თურქეთი (ივნისი 2011)).