ქალაქ გურჯაანში, კურორტ `ახტალის~ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან მიღებულ მითითებას აპროტესტებენ, რომელიც საცხოვრებელი ადგილის შეცვლას ეხება.
როგორც დევნილებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, რამდენიმე დღის წინ, მათ სამინისტროდან დაუკავშირდნენ და გააფრთხილეს, რომ თუ ახალგარემონტებულ შენობაში არ გადავლენ, თავშესაფრის გარეშე დარჩებიან. იძულებით გადაადგილებული პირების თქმით, გარდა იმისა, რომ საცხოვრებლად სოფელ ბაკურციხეში გადასვლა არ უნდათ, შენობაც უხარისხოდ არის გარემონტებული. `გურჯაანში რაღაცაზე მაინც ვმუშაობთ და პურის ფულს ვშოულობთ, შიმშილით არ ვიხოცებით. იქიდან გურჯაანში რომ ვიაროთ, ნაშოვნი თანხა გზის ფულშიც არ გვეყოფა და პური როგორღა ვიყიდოთ?~, - აცხადებენ დევნილები.
აფხაზეთიდან დევნილების წინააღმდეგობის მიზეზად ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დევნილების არასწორად ინფორმირებას ასახელებს. `დევნილთა ნაწილი ახალ საცხოვრებლებში გადასვლაზე ნამდვილად უარს ამბობს. მე ვფიქრობ, რომ ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მათ შესაძლებლობა მიეცემოდათ ნაღდი ფული მიეღოთ და ა.შ. ბევრმა დევნილმა ოჯახმა მთავრობის შეთავაზება მიიღო. ახალ საცხოვრებელ ოთახებს დევნილები საკუთრებაში მიიღებენ. მაგალითად, ორი წლის წინ, როცა თელავის სასტუმრო `ინტურისტიდან~ დევნილები გამოასახლეს, ინვესტორმა მათ სახლების შესაძენად ნაღდი ფული მისცა, მაგრამ დევნილებს სახლების ყიდვა გაუჭირდათ. გარდა ამისა, დონორი ორგანიზაციების რეკომენდაციაა, რომ დევნილები საცხოვრებელი სახლებით მთავრობამ დააკმაყოფილოს~, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მინიტრმა.