2011 წელს ევროკავშირის მიერ შეთავაზებული 82 დეკლარაციიდან საქართველო 42-ს შეუერთდა , - ნათქვამია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშში, რომელიც 2011 წელს მოიცავს.
"2011 წელს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის 82
დეკლარაციიდან, რომელთან შეერთება საქართველოსთვის იყო შემოთავაზებული,
საქართველო 42 დეკლარაციას შეუერთდა. 2011 წლის განმავლობაში საქართველოსთან ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი გაიმართა, მათ შორისაა ივნისში გამართული პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დიალოგი, ასევე, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისრის ვიზიტი ივლისში და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი ნოემბერში", - ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ ევროკავშირსა და საქარველოს შორის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებულ სამოქმედო გეგმას 2011 წლის 31 დეკემბერს გაუვიდა ვადა, თუმცა ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ, რომ იქამდე გააგრძელებენ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადას, სანამ ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებები საკმარისად განვითარებულ ეტაპზე არ გადავა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 15 მაისს ევროკომისიამ და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნეს ყოველწლიური "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის კომპლექტი", რომელშიც შედის: ერთობლივი კომუნიკე ("ახალი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება" ), სადაც
მოცემულია 2011 წელს მიღებული ახალი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის
განხორციელების პირველი წლის შეფასება, ცალკე ერთობლივი კომუნიკე, რომელშიც
შეთავაზებულია "აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკა", ანგარიში "პარტნიორობა დემოკრატიისა და საერთო კეთილდღეობისათვის", რომელიც შეეხება სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს (სამომავლო ქმედებების საგზაო რუკის ჩათვლით), ანგარიში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ, 12 ანგარიში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ (რეკომენდაციების ჩათვლით) და დანართი სტატისტიკური მონაცემებით.
თბილისში ანგარიშის პრეზენტაცია საქართელოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა გამართა.