ბიძინა ივანიშვილის მიერ უმაღლესი თანამდებობების დასაკავებლად, საკონსტიტუციო ცვლილებებს გარდამავალი დებულება დაემატება.
როგორც ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, გარდამავალი დებულება მას პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავების საშუალებას მისცემს.
მისი განმარტებით, გარდამავალ დებულებაში ჩაიწერება, რომ იმ პირებს, ვინც ახალი ნორმით ისარგებლებენ, უფლება ექნებათ, დაიკავონ აღნიშნული თანამდებობები და მიიღონ აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში.
დღეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას, "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი ლევან ვეფხვაძე დაინტერესდა, როგორ მიეცემა ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების საშუალება, როცა კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ ამ თანამდებობებზე მხოლოდ საქართველოს მოქალაქე შეიძლება იყოს. უმრავლესობა განმარტავდა, რომ ეს ფორმულირება ხელისშემშლელი არ შეიძლება გახდეს იმ პირებისთვის, ვისთვისაც ახალი ნორმა იწერება, რადგან მასში ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქის შესახებ არის საუბარი. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს გარდამავალი დებულება დაემატება.
შეგახსენებთ, კონსტიტუციის 29-ე მუხლში ნათქვამია, რომ "საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა".