საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისგან თავი შეიკავა.
დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მეორე მოსმენით მიღებისას, ოპოზიცინერ დეპუტატ ჯონდი ბარათურიას მსგავსად, ხმა არ მისცეს უმრავლესობის წევრებმა დავით ბეჟუაშვილმა, გია გოგუაძემ და თემურ ჩარკვიანმა. ცვლილებების წინააღმდეგ კი ხმა ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" თავმჯდომარემ, დიმტირი ლორთქიფანიძემ დააფიქსირა.
იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს "ქრისტიან-დემოკრატებიც" იყვნენ.
პროექტის თანახმად, "2014 წლის 1-ელ იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშიის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა".
შეგახსენებთ, რომ "ქრისტიან-დემოკრატები" ალტერნატიული წინადადების დაყენებას აპირებდნენ, რომლითაც ისინი საქართველოში მუდმივად ცხოვრების 3-წლიანი ცენზის დაწესებას ითხოვდნენ. თუმცა, როგორც რიგგარეშე სხდომაზე გახდა ცნობილი, რეგლამენტის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის განხილვაზე ალტერნატიული წინადადების დაყენება არ შეიძლება.