. განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბაშვილის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით პრობლემები პოლიტიკური აჟიოტაჟის გარეშე უნდა მოგვარდეს.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს შორის, უმაღლეს დონეზე არსებობს შეთანხმება, რომ პრობლემების არსებობის შემთხვევაში, ისინი ყოველგვარი პოლიტიკური აჟიოტაჟის გარეშე მოგვარდეს.
გაბაშვილის განმარტებით, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი ისეა გავლებული, რომ დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი საქართველოს შემადგენლობაშია, ნაწილი კი აზერბაიჯანის საზღვრებში, თუმცა ეს ტურისტების, საქართველოს მოქალაქეებისა და კულტურული მემკვიდრეობის ინტერესებს ხელს არ უნდა უშლიდეს.
"ამ საკითხებზე საუბარი როგორც სასაზღვრო უწყებებს შორის, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მიმდინარეობს. უწყებები კონკრეტულ შეთანხმებებს მიაღწევენ, რომლებიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება", - დასძინა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, 6 მაისის შემდეგ აზერბაიჯენელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებსა და ტურისტებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მოსანახულებლად არ უშვებენ.