ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ეუთოს მისია ქართულ -ოსური კონფლიქტის ზონაში მუშაობის განახლებას სავარაუდოდ ივლისში გეგმავს. ამ ინფორმაციას დღეს ერგნეთში ჩასული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მათეო მეკაჩი ავრცელებს. ტელეკომანია "მაესტროს" ინფორმაციით, მეკაჩმა ცხინვალის მოსაზღვრე ტერიტორია და ის ადგილი დაათვალიერა სადაც რუსული და ქართული საგუშაგოებია განთავსებული.
ეუთოს წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მოლაპარაკებები მისიის აღდგენაზე თითქმის დასრულებულია.
"აქ საქართველოს ხელისუფლების მოწვევით ვიმყოფები. შევხვდი ბევრ ადამიანს, მესმის მათი მდგომარეოვა და ეუთო ყველაფერს გააკეთებს კონფლიქტურ რეგიონში ადამიანის უფლებების დასაცავად. ახლახანს საპარლამენტო ასამბლეაზე განვიხილეთ ამ ზონაში ეუთოს ოფისის გახსნის საკითხი. საწინააღმდეგო აზრი პრაქტიკულად არ არსებობს.
ახლა ოსურ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ამ მოლაპარაკებების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ოფისი სავარაუდოდ, მუშაობას ივლისში დაიწყებს", _ აცხადებს მათეო მეკაჩი.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს მისიამ ქართულ -ოსური კონფლიქტის ზონაში მუშაობა 2008 წლის აგვისტოში რუსული აგრესიის შემდეგ შეწყვიტა. ოსი სეპარატისტები ეუთოს მისიის რეგიონში დაბრუნების პირობად, მისიის მიერ მათ, დამოუკიდებლად აღიარებას და ცხინვალში, თბილისზე დამოუკიდებელი ოფისის გახსნას აყენებდნენ.