იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილისთვის საკონსტიტუციო აკრძალვები არ არსებობს. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას, ,,ქრისტიან-დემოკრატების,, წევრი ლევან ვეფხვაძე დაინტერესდა, როგორ მიეცემა ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების საშუალება, როცა კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, ამ თანამდებობებზე მხოლოდ საქართველოს მოქალაქე შეიძლება იყოს.
კუბლაშვილის განმარტებით, კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც ამავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. „ბუნებრივია, ეს ფორმულირება ხელისშემშლელი არ შეიძლება გახდეს იმ პირებისთვის, ვისთვისაც ახალი ნორმა იწერება, რადგან მასში ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქის შესახებ არის საუბარი," - აღნიშნა კუბლაშვილმა. შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებაში სპეციალური ჩანაწერის დამატება საჭირო არ არის, იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების უფლება მიიღოს.
საკითხს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონკრეტული ფორმულირების საკითხის გარკვევა ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენაზეც იქნება შესაძლებელი.
თუმცა, უმრავლესობის განმარტებას ლევან ვეფხვაძე არ დაეთანხმა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული საკითხი მეორე მოსმენაზე უნდა გაირკვეს, რადგან, ეს არა რედაქციული, არამედ პრინციპული საკითხია.
კონსტიტუციის 29-ე მუხლში ნათქვამია, რომ "საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა".