ბიძინა ივანიშვილს ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, დეპუტატის უფლებამოსილებაც შეუწყდება.
როგორც პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატმა" ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, შესაბამისად დაინტერესდა, რა მოხდება, თუ 2014 წლის 2 იანვარს ვიღაც ახალი რეგულაციებით არჩეული დეპუტატისთვის უფლებამოსლების შეწყვეტის საკითხს დააყენებს.
,,გახდება თუ არა ასევე უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი, არჩეული პირის მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეობის შეწყვეტა. ეს არის იურიდიული დეტალები, რომელზეც საკონსტიტუციო ნორმაში უნდა იყოს გათვალსიწნებული" - დასძინა ვეფხვაძემ.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის განმარტებით, აქ უკვე კონკრეტული ნორმის გამოყენება, ანალოგიით მოხდება და თუ საქართველოს მოქალაქოების დაკარგვა იწვევს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას, ასევე იქნება იმ კონკრეტულ შემთხვევაშიც.
თუმცა კუბლაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ ნორმის გამოყენება არ გახდება საჭირო, რადგან ადამიანს მარტივად შეუძლია პრობლემები გადაწყვიტოს სამართლებრივი გზით. იგი იმედოვნებს, რომ გარკვეულ პერიოდში, ახალი წესით არჩეულ პირებს, შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეობის საკითხიც გადაწყვიტონ.