შვედეთის სამეფოს პარლამენტის წარმომადგენლები საქართველოში არჩევნებისათვის მზადების საკითხებით დაინტერესდნენ.
საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში მოდერატების პარტიის წევრები, საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე, ასევე დაინტერსდნენ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებით და ქვეყანაში არსებული მდგომარეობით.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილსა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილთან გამართულ შეხვედრებზე ყურადღება ასევე გამახვილდა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, მათ შორის საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასა და ამ შეთანხმების დაჩქარების პროცესებზე.
"მათ აინტერესებდათ ჩვენი ხედვა, თუ რისი გაკეთება შეუძლია შვედეთს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გასააქტიურებლად. საქმე ისაა, რომ შევედეთისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური ინიციატივაა. სწორედ შვედეთი იყო, პოლონეთთან ერთად, ამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ავტორი", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის განცხადებით, შვედეთი, არის სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სტუმრებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
"ვისაუბრეთ მომავალ აჩევნებზეც. საქართველოს ხელისუფლების სურვილია, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს. ამ პროცესში მოვიწვიეთ ჩვენი შვედი კოლეგებიც", - განაცხადა მინაშვილმა.
პარლამენტში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვედეთის სამეფოში კონსტანტინე ქავთარაძე.