საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა ოჩიაური უდაბნოს მონასტერში აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ ტურისტებისა და მომლოცველების არ შეშვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს „ძალით გაბერილს და უსაფუძვლო ნერვიულობას" უწოდებს.
ოჩიაურის განცხადებით, უდაბნოს მონასტერი ოფიციალურად აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და შესაბამისად, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს იქ დგომის სრული უფლება აქვთ.
„როგორც ჩვენ საზღვარზე დგას მესაზღვრე, ისე დგას იქაც, როგორ უნდა მოსთხოვო, რომ წავიდეს იქიდან",- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ხათუნა ოჩიაურმა.
კითხვაზე, თუ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აქამდე არ უშლიდნენ ტურისტებს უდაბნოს მონასტრის დათვალიერებას, 6 მაისის შემდეგ რა შეიცვალა, ოჩიაური ამბობს, რომ ამ საკითხზე საუბარი და რაღაცეების შეცვლა კიდევ შეიძლება.
„მსგავსი საზღვრები მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც აქვს და ასეთი მარტო საქართველო არ არის. ისტორიულად, რა თქმა უნდა ის ტერიტორია იყო საქართველოსი, თუმცა, ძალიან ბევრი წელია საქართველოს საზღვრებში აღარ შედის. შესაბამისად, ის რაც არ არის საქართველოს ტერიტორია, იქ შესვლა ბუნებრივია შედარებით რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს. ფაქტია, რომ ეს არის საზღვარი და ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადადიხარ",- განაცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ხათუნა ოჩიაურმა.
მისივე თქმით, ამ საკითხის მოგვარება კიდევ შეიძლება. „ეს ისეთი საკითხია, რომელიც შედარებით იოლად მოგვარდება, მოლაპარაკებებით და ა.შ. მე მგონია, რომ ეს არის უსაფუძვლო ნერვიულობა და გაბერილი თემა. რეალურად უდაბნოს მონასტერში საგანგაშო არაფერი ხდება",- აცხადებს ოჩიაური.