.,,ქართული დასის,, ლიდერი ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება სამარცხვინოდ დარჩება ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში.
როგორც მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას განაცხადა, ერთი ადამიანის სასარგებლოდ ან საზიანოდ კონსტიტუციისა და კანონების შეცვლა უკანონობაა. ბაღათურიას თქმით, მმართველმა გუნდმა აღიარა, რომ ეს ცვლილება კონსტიტუციაში ერთი ადამიანის გამო ხორციელდება.
მისი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილების მიღება ასევე ხდება ერთთვიანი საერთო-სახალხო განხილვის პროცედურების დარღვევითაც, რადგან პროექტმა განხილვების შემდეგ შინაარსობრივი ცვლილება განიცადა და ის ხელახალ განხილვას მოითხოვს.
ოპოზიციონერი დეპუტატი დაინტერესდა, რა ბედი ეწევა 2014 წლის შემდეგ, იმ პიროვნებას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილების დღეს წარმოდგენილი ფორმულირებით ისარგებლებს, რადგან ცვლილება 2014 წლის 1 იანვრამდე იქნება ძალაში.
საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, კონსტიტუციას დაემატება შემდეგი შინაარსის 104-ე მუხლით - „2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშიის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა".
აღნიშნულ ცვლილებას დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ.