საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდას მოსახლეობა ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოების ჩატარებას ითხოვს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში, ამ ტერიტორიაზე ნაღმის აფეთქების შედეგად მომხდარ უბედურ შემთხვევებს 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
სოფელ გიორგიწმინდაში, ე.წ. „ალინჯის" ტერიტორიაზე 430-ე სამხედრო ბაზა 1938 წელს შეიქმნა და 2004 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორია 105 ჰექტარს მოიცავს და დღემდე არ არის განაღმული. ტერიტორია შემოუღობავია და არც ამკრძალავი ნიშნები არსებობს. ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, ახლოს მდებარე სოფლებში მცხოვრებნი შედიან, შეშას ჭრიან, საქონელს აბალახებენ, მაყვალს კრეფენ, დანგრეული შენობებიდან აგური გააქვთ და ჯართს აგროვებენ.
უბედური შემთხვევა ბოლოს 2008 წლის 29 ივლისს მოხდა. ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მაყვლის საკრეფად შესული 17 წლის მარიამ ამაროვა ნაღმზე აფეთქდა. გოგონას მარჯვენა კიდურის ამპუტაცია დასჭირდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია ჩალათაშვილმა განუცხადა, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორია ამჟამად ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ბალანსზეა.
„გამგეობამ სამინისტროს თხოვნით მიმართა, რომ ეს ტერიტორია ადგილობრივ თვითმმართველობას გადმოეცეს. თუ ჩვენი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შესაძლებელი გახდება, რომ ეს ტერიტორია შემოვღობოთ", - განაცხადა საგარეჯოს გამგებელმა.