სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ლიტვაში იმყოფებოდა, სადაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სურსათის საერთაშორისო გამოფენას „აგრობალტი 2012"-ს დაესწრო. კაუნასში გამართული ეს მნიშვნელოვანი გამოფენა ორ წელიწადში ერთხელ იმართება და ერთ-ერთი უმსხვილესია ბალტიის რეგიონში.
„აგრობალტი 2012"-ის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრთა საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, რომელსაც 9 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები, ევროპარლამენტის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფორუმის მთავარი თემა მცირე ფერმერული მეურნეობების პერსპექტივა-განვითარება და გლობალიზაციის გამოწვევების დაძლევა იყო. სხდომას საქართველოს დელეგაციაც დაესწრო, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ხელმძღვანელობდა. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე და 2012 წელს საქართველოში ფერმერთა მომსახურების ცენტრების გახსნის საჭიროებაზე ისაუბრა. ქვეყნის მასშტაბით არსებულ 12 ცენტრში ფერმერები და ადგილობრივი გლეხები უახლესი ტექნოლოგიების შესახებ სრულყოფილ ინფრომაციას და ფერმერული მეურნეობის მართვის შესახებ სპეციალისტების კონსულტაციებს მიიღებენ. ფერმერთა მომსახურების მრავალფუნქციურ ცენტრებში ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომი გახდება 42 სახეობის აგროოპერაციის ჩატარება, თანამედროვე ტექნიკით სარგებლობა და 5 სახის ლაბორატორიული მომსახურება.
,,ფერმერთა მომსახურების ცენტრების ფუნქციონირება ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ფერმერების მაქსიმალურ ინფორმირებას მიმდინარე რეფორმებისა და მსოფლიოს სიახლეების შესახებ, გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება. ეს თანაბარ პირობებში ჩააყენებს ქართველ ფერმერებს საერთაშორისო ბაზარზე და გაუმარტივებს მათ გლობალიზაციის გამოწვევების დაძლევას", - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
კაუნასში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ზაზა გოროზია ლიტვის სოფლის მეურნეობის მინისტრს კაზის სტარკიავიჩიუსს შეხვდა, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. შეხვედრაზე საქართველოში ლიტვის სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტიც დაიგეგმა, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.