ნოდარ ხადური: დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დაცემა საგადამხდელო დეფიციტმა გამოიწვია
ექსპერტი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დაცემა საგადამხდელო დეფიციტით არის გამოწვეული.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ნოდარ ხადურმა განუცხადა, საქართველოში იმპორტი გაცილებით დიდია, ვიდრე ექსპორტი, შესაბამისად, ექსპერტის აზრით, დოლარის მოთხოვნილება იზრდება.
დოლარის კურსის გამყარების მიუხედავად ექსპერტი ლართან მიმართებაში დოლარის კურსის მკვეთრ ცვლილებას არ ვარაუდობს.
რაც შეეხება დოლართან მიმართებაში ევროს კურსის ვარდნას, ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ ეს მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებით არის გამოწვეული. ექსპერტის განცხადებით, აშშ-მ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ დროული ნაბიჯები გადადგა ეკონომიკაში და ეს დოლარის კურსზეც აისახა.
"ლართან მიმართებაში დოლარის გამყარება დოლარზე გაზრდილი მოთხოვნილებით არის გამოწვეული. იმპორტი მეტია ექსპორტზე, ამიტომ გაზრდილია დოლარზე მოთხოვნა, რაც ლარის კურსის დაცემას იწვევს. რაც შეეხება ევროს კურსის ვარდნას დოლართან მიმართებაში, ეს მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებით არის გამოწვეული. აშშს ეკონომიკაში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ სწრაფად გადაიდგა ნაბიჯები, რაც დოლარზეც აისახა, ევროპამ კი ამ ნაბიჯების გადადგმა დააგვიანა", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნოდარ ხადურმა.