"ქრისტიან-დემოკრატები" საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლო ვარიანტს მხარს არ დაუჭერენ. ამის შესახებ განცხადება ფრაქციის წევრმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პავლე კუბლაშვილის საპასუხოდ განაცხადა.
კუბლაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერს, თუკი არჩევნებში უფლების მისაცემად, პირს საქართველოში ბოლო 10 წელიწადის განმავლობაში არ უცხოვრია და ეს ნორმა მხოლოდ 2014 წლის 1-ელ იანვრამდე იმოქმედებს.
ლალიაშვილის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში ფუნდამენტურად იცვლება ის, რაზედაც აქმდე იყო საუბარი.
"10 წელსა და 3 წელს შორის დიდი განსხვავებაა. ჩვენ კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დავაყენებთ ალტერნატიულ საკითხს და ვთხოვთ პარლამენტს, რომ კენჭი სწორედ ჩვენ მიერ წარმოდგენილ პროექტს უყაროს", - განაცხადა ლალიაშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნული პირობით მმართველი გუნდი ადასტურებს, რომ ცვლილებების მომზადების ადრესატი მხოლოდ ერთი ადამიანია.
დეპუტატებისთვის უკვე დარიგებული პროექტის ვარიანტით, "2014 წლის 1-ელ იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელს მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა".
აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებას პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით უნდა უყაროს კენჭი.