ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, ქართულ არჩევნებში მონაწილეობის უფლებისთვის, საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში უნდა იყოს ნაცხოვრები. ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვისას გახდა ცნობილი.
კერძოდ, კანონპროექტის დღეს გამოტანილ ვარიანტში ნათქვამია, რომ "2014 წლის 1-ელ იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელიწადის გნმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა".
გუშინ, საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ითქვა, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება, 2015 წლის 1-ელ იანვრამდე იმუშავებდა, რითაც, პირებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება თვითმმართველობის არჩევნებშიც მიეცემოდათ. საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს ღიად განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გამო ხორციელდება და ამ მას მხოლოდ აღნიშნული ფორმულირებით დაუჭერს მხარს.