საპარლამენტო უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად, საკუთარ მოთხოვნებს აყენებს.
როგორც დღეს საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით განხილვისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერს, თუკი არჩევნებში უფლების მისაცემად, პირს საქართველოში ბოლო 10 წელი არ უცხოვრია.
მისი თქმით, არავის "ქრისტიან-დემოკრატებიდან" და არც საპარლამენტო უმრავლესობიდან არ დაუმალავს, რომ ცვლილების პროექტის მომზადება იმ ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ იმ ადამიანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე 2-ჯერ უარი თქვა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეს.
"რაც შეეხება პირადად ჩემს პოზიციას, "ქრისტიან-დემოკრატების" გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ცვლილებებს მხოლოდ ერთი პირობით დავუჭერთ მხარს - პირდაპირ უნდა ჩავწეროთ, რომ საპარლამენტო, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება პირს, რომელიც არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, დაბადებულია საქართველოში და ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად ცხოვრობდა. ცვლილება 2014 წლის 1-el იანვრამდე იმოქმედებს. დიახ, ამ კონკრეტული პიროვნების შესახებ ვსაუბრობ, რომელსაც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ყოველგვარი გზა უნდა მოუჭრათ. ამ შემთხვევაში მას სრული უფლება ექნება, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს", - აღნიშნა კუბლაშვილმა.