ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა ალექსანდრე ბარამიძემ და შალვა თადუმაძემ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და პრეზიდენტის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. აღნიშნულის შესახებ ადვოკატებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს.
"ჩვენ მივმართეთ სასამართლოს. შევიტანეთ სარჩელი იმასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცემული დასკვნა უკანონოა. იგი გამოსცა პირმა, რომელსაც პირდაპირი ინტერესი აქვს: ერთი შეხედვით, ამ შემთხვევაში ერთ სასამართლო პროცესზე დაობს, მეორე შემთხვევაში განიხილავს ამ პირის მოქალაქეობის საკითხს",_ განაცხადა თადუმაძემ და აღნიშნა, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ დადგენილი ვადები და კანონი დაარღვია.
"დაარღვია როგორც ვადები, ასევე საკანონმდებლო მოთხოვნები. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნა დაუსაბუთებელია, უკანონოა და უნდა გაუქმდეს", - განაცხადა მან.
ადვოკატებმა სარჩელი საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგაც შეიტანეს.
"პრეზიდენტს ჰქონდა ვალდებულება, მიუხედავად იმისა, დასკვნა როგორი იქნებოდა, კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო. ამ მიმართულებით პრეზიდენტის წინააღმდეგაც შევიტანეთ სარჩელი", _ განაცხადა თადუმაძემ.
ადვოკატების განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ ორ თვეში უნდა გამოიტანოს.
შეგახსენებთ: სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის მოთხოვა ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.