საქართველოში უძრავი ქონების მფლობელ უცხოელებს და ინვესტორებს, მუდმივი ბინადრობის ნებართვა მიეცემათ. ამის შესახებ ცვლილებები "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში შედის, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
კანონპროექტის თანახმად, სხვადასხვა კატეგორიებთან ერთად, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება მიეცეს უცხოელს, რომელიც საქართველოში საკუთრების უფლებით ფლობს არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის უძრავ ქონებას და უცხოელს, რომელიც საქართველოში განახორციელებს არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას. ასეთ შემთხვევებში, მუდმივი ბინადრობის ნებართვა გაიცემა აგრეთვე, უცხოელის ოჯახის წევრებზეც - მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილებზე ან/და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირებზე.
ოჯახის სხვა წევრებზე კი - მშობელზე, შვილიშვილზე, მშვილებელზე და სხვა, მუდმივი ბინადრობის ნებართვა იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ პირი დამატებით 10 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ამასთან, ამავე პროექტის მიხედვით, მთავრობას შეეძლება ინვესტორ უცხოელებზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემისთვის, დამატებითი პირობები, საქმისწარმოების განსხვავებული წესი და ვადები განსაზღვროს.
კანონპროექტის ავტორები პავლე კუბლაშვილი, კახა ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა არიან.