საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდში სიტყვით გამოვიდა.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლის მთავარი თემა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესები იყო.
დავით ბაქრაძემ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დიალოგის მზადყოფნა არაერთხელ დადადსტურა, გააუქმა მასთან სავიზო რეჟიმი და დათანხმდა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, მიუხედავად ამისა რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 % კვლავ ოკუპირებული აქვს.
სიტყვით გამოსვლისას დავით ბაქრაძემ საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნების სამზადისზეც გაამახვილა ყურადღება. პარლამენტის თავმჯდომარემ მსმენელებს "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე" კონსტიტუციური კანონპროექტის არსი გააცნო, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით და მათ შეკითხვებსაც უპასუხა. კონრად ადენაუერის ფონდში შეხვედრას პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძეც დაესწრო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ მის დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალააქეობის მინიჭების საკითხი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებში უნდა მოგვარდეს.
"ქართული დემოკრატიის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ასეთი ტიპის დისკუსიებია. აუდიტორიისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა მოესმინა პასუხები დასმულ შეკითზვებზე, მათ შორის ქართული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მხრიდან. მნიშვნელოვანია გერმანულმა აუდიტორიამ დაინახოს რომ, ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხები, როგორიცაა, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება ყველა ქართული პოლიტიკური ძალის შეურყეველი პროორიტეტია," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.