საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქართველი ხალხისადმი მილოცვას დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, პუტინის მხრიდან ქართველი ხალხისთვის სამამულო ომში გამარჯვების 67-ე წლისთავის მილოცვა ცინიზმის მორიგი გამოხატულებაა.
"მეც გავეცანი ამ მილოცვას და ეს იყო ცინიზმის მორიგი გამოხატულება და რუსეთის საუბარი საქართველოსთან მეგობრობაზე, ძმობასა და ქართველი ხალხის სიყვარულზე და მეორე ხელში ასაფეთქებელი ნივთიერების გამოგზავნა. სამწუხაროდ, ეს არის რუსეთში მოქმედი ხელისუფლების ჭეშმარიტი და ნამდვილი სახე", - განაცხადა მანჯგალაძემ.
რუსეთის ახალად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქრთველოს მოქალაქეებს სამამულო ომში გამარჯვების 67-ე წლისთავი მიულოცა.