საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, კოალიცია ,,ქართული ოცნება,, კრემლის დავალებებს ასრულებს. როგორც უმრავლესობის წევრმა შოთა მალაშხიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, კოალიციის წევრის გიორგი ცაგარეიშვილის საპასუხოდ განაცხადა, „ქართული ოცნების" და მისი წევრების მიზანია საბჭოთა კავშირში დაბრუნება.
კოალიცია ,,ქართული ოცნების,, წევრმა, დეპუტატმა ცაგარეიშვილმა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ, ქუთაისობის დღესასწაულზე, აფხაზეთზე გაკეთებულ განცხადებას, შემაშფოთებელი და ცინიკლური უწოდა.
„გასაკვირი არ არის, რომ რეფორმების მსხვერპლს, „გაიშნიკ" ცაგარეიშვილს ახლანდელი პერიოდი უკვირს. მთლიანად „ქართული ოცნების" წევრთა აზრიც უკან საბჭოთა კავშირში დაბრუნებაა. მათ სურთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ეთნოწმენდა დაკანონდეს, იმიტომ, რომ მათ კრემლიდან სხვა დავალება არ მიუღიათ. ეს კოალიცია, არის სტრუქტურა, რომელიც ყოველდღიურად გვეუბნება, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ, ეთნოწმენდაში ჩვენ ვართ დამნაშავე, ხოლო მისი ერთ-ერთი ლიდერი გამოდის და საუბრობს, რომ ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს შეიარაღებულ ფორმირებებს ვქმნით. ერეკლეს დროსაც იყო ერთი „თავისუფალი დემოკრატი," რომელიც აღა-მაჰმად-ხანთან მივიდა და უთხრა, რომ ერეკლეს მეზარბაზნეები არ ჰყავსო."- აღნიშნა მალაშხიამ.
მისივე თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ მათ საქართველოში საბჭოთა კავშირის ქურდულ-კრიმინალური მენტალიტეტის რესტავრაცია უნდათ.
,,თუმცა, ეს მატარებელი წავიდა. ამის შანსი არავის არ აქვს, მათ შორის არც თქვენი „ოცნების" ხელმძღვანელებს - პუტინსა და მედვედევს" - დასძინა დეპუტატმა.