პოლიციამ მოსკოვის ცენტრში არასანქცირებული აქციის ჩატარების მცდელობისათვის დაახლოებით 120 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის არის ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მთლიანობაში ქალაქში სიტუაცია მშვიდია. ცენტრში არასანქცირებული პიკეტირების გამო დაავებულია დაახლოებით 120 ადამიანი, მათ შორის ბორის ნემცოვი", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, ყველა დაკავებული პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. რუსული მედიის ინფორმაციით, აქციის ყველა მონაწილეს პროფილაქტიკური საუბარი ჩაუტარდება, რომელშიც მათ განუმარტავენ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა დაუშვებელია, ამის შემდეგ მათ გაუშვებენ.
თავად ნემცოვი ამტკიცებს, რომ ის დააკავეს მაშინ, როდესაც იგი კაფეში იჯდა. "მე მცემეს, შემომახიეს ტანისამოსი", _ განაცხადა ოპოზიციონერმა რუსულ მედიასთან საუბარში და აღნიშნა, რომ დაკავების მიზეზი მისთვის უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები