რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს დღეიდან პირველი ვიცე-პრემიერი ვიქტორ ზუბკოვი შეასრულებს. ეს განცხადება პრემიერის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
"შესაბამის დოკუმენტს ვლადიმერ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა", _ განაცხადა პესკოვმა. კანონმდებლობის თანახმად თავის მხრივ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ განცხადებას ხელი უნდა მოაწეროს. ამის შემდეგ, პრეზიდენტი ორი კვირის ვადაში ახალი მთავრობის წევრების კანდიდატურებს პარლამენტის ქვედა პალატას შესთავაზებს.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას უკვე შეუდგა. იგი სახელმწიფოს მეთაური უკვე მესამედ გახდა, თუმცა პირველად იქნება ამ თანამდებობაზე ექვსი წლის განმავლობაში.