მოსკოვში კრემლის დიდ დარბაზში რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია დაიწყო. ცერემონიალი 40 წუთს გაგრძელდება. ვლადიმერ პუტინის კორტეჟი კრემლში თეთრი სახლიდან უკვე გაიმგზავრა. იგი კრემლში სპასკის ჭიშკრიდან შევა, რომელთაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხსნიან.
ინაუგურაცია, ცერემონიალის თანახმად კრემლის სამ დარბაზში - ალექსანდრეს დარბაზში, გეორგიევსკის დარბაზში და ანდრეევსკის დარბაზებში ჩაივლის.
ამასთან ერთად მოსკოვის ცენტრში მანეჟის მოედანზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. რუსული მედიის ინფორმაციით, მდგომარეობა მშვიდია, ხალხი ცოტაა და ტროტუარებს პოლიცია აკონტროლებს. მოძრაობა ცენტრში ნაწილობრივ გადაკეტილია. დოკუმენტებს ყველა ქვეითად მოსიარულეს უმოწმებენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში 2008 წლის დეკემბერში, პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ინიციატივით შეტანილი ცვლილებების თანახმად ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის თანამდებობას არა ოთხი, არამედ ექვსი წლით დაიკავებს.