20 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მამუკა ხოზრევანიძემ კერძო საკუთრებაზე უფლების ხელყოფის კონკრეტულ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება. მან ჟურნალისტებს გონიოში, ომარ მახარაძის კუთვნილი სასტუმროს უკანონოდ ჩამორთმევის პოლიტიკური ასპექტები გააცნო.
მისი განცხადებით, 2007 წელს, გულრიფშის რაიონული სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებით, ომარ მახარაძეს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა მისი კუთვნილი სასტუმრო იმ მოტივით, რომ აღნიშნული ქონება ემზარ კვიციანს ეკუთვნოდა. ამ საქმის გარშემო სრული განუკითხაობაა და უამრავი აბსურდული დეტალი დაგროვდა, რომლებიც, მასმედიის საშუალებით, უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის. ამიტომ, პრესკონფერენციაზე მხოლოდ აქამდე უცნობ მომენტზე გამახვილდა Yყურადღება.
მისი განცხადებით, 2005-2007 წლებში ამ სასტუმროს აშენებდა კერძო სამშენებლო კომპანია, სახელწოდებით "ბერიძე და კომპანია". მასში მუშაობდა მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" წევრი, სოფელ გონიოში მცხოვრები გრიშა დუმბაძე. იგი თავად არის მოწმე, როგორ ახდენს ხელისუფლება საქმეების ფაბრიკაციას.
"ხელვაჩაურის რაიონის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მასზე და მისი ოჯახის წევრებზე გამუდმებით ახდენდნენ ზეგავლენას და აიძულებდნენ დაედასტურებინა, თითქოს, მშენებარე ობიექტზე დადიოდა ემზარ კვიციანი. ამით უნდოდათ შეექმნათ ცრუ მტკიცებულება, რომ სასტუმრო ეკუთვნოდა ემზარ კვიციანს და არა ომარ მახარაძეს. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად მოწმობს, რომ, ხელისუფლების უკანონო და უსამართლო ქმედებების გამო, ქვეყანაში დღითიდღე მატულობს დაზარალებული მოქალაქეების რიცხვი და ამ პროცესის შეჩერება, მოქმედი ხელისუფლების შეუცვლელად, შეუძლებელია", _ აღნიშნა პრესკონფერენციაზე ხოზრევანიძემ.
პრესკონფერენციას გრიშა დუმბაძე და სასტუმროს მეპატრონე, დაზარალებული ომარ მახარაძეც ესწრებოდნენ.