ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის გამო და აცხადებს, რომ ევრო 2012 ის მატჩებზე ის ალბათ თავისი დაკავებულობის გამო ვერ ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა "ბილდ"-ი ავრცელებს.
"მე სავარაუდოდ ივნისსა და ივლისში ამისათვის დრო არ მექნება. თუმცა ამისგან დამოუკიდებლად: მე ღრმად ვარ შეშფოთებული იმით თუ როგორ ექცევა უკრაინის მთავრობა ქალბატონ ტიმოშენკოს",_ განაცხადა რასმუსენმა. მისივე თქმით, თავის უკრაინელ პარტნიორებთან საუბარში მან მათ განუმარტა, რომ უკრაინაში ადამიანის უფლებები და სასამართლოს დამოუკიდებლობა დაცული უნდა იყოს.
შეგახსნებთ, რომ იულია ტიმოშენკოს ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის გამო ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ ევრო-2012-სთვის უკრაინაში გამგზავრებას არ აპირებს. ამავე მიზეზის გამო ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი ტიმოშენკოს გამო უკრაინაში გამგზავრებას ბოიკოტს უცხადებს. იგი უარს აცხადებს მონაწილეობა მიიღოს ცენტრალური ევროპის სახელმწიფო მეთაურების სამიტში, რომელიც იალტაში 11-12 მაისს უნდა გაიმართოს.
ჩეხეთის პრეზიდენტამდე უკრაინაში გამგზავრებაზე უარი გერმანიის პრეზიდენტმა იოჰან გაუკმაც განაცხადა.
გერმანიის პრეზიდენტმა თავისი უარი გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან შეათანხმა. თავად გერმანიის კანცლერმა ტიმოშენკოსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო შესაძლოა გერმანიის მთავრობს წევრებს უკრაინაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ბოიკოტირების რეკომენდაცია მისცეს. თავად მერკელი კი ჩემპიონატზე გამგზავრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ ტიმოშენკოს გაათავისუფლებენ.