ნიკოლა სარკოზი და მისი მოწინააღმდეგე ფრანსუა ოლანდი ამომრჩეველთა ხმებისათვის ბრძოლის უკანასკნელ ფაზაში შევიდნენ. მედია, საფრანგეთში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე დრამატულს უწოდებს. სხვაობა სარკოზისა და მისი მოწინააღმდეგის რეიტინგებს შორის 6 % შეადგენს.
ანალიტიკოსების განცხადებით, არჩევნებამდე ორი დღით ადრე ნიკოლა სარკოზის შველა მხოლოდ სასწაულს შეუძლია.
საუბრობენ იმის შესახებაც, რომ სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, რომ იმსჯელო სარკოზი შესაძლოა გახდეს პირველი ფრანგი პრეზიდენტი, რომელმაც ვალერი ჟისკარ დ'ესტენის დროიდან პრეზიდენტობის მეორე ვადა ვერ მოიგო.
მოქმედი პრეზიდენტი ულტრამემარჯვენეების იმედად დარჩა და მარინ ლე პენის იმედს იტოვებს, თუმცა ულტრამემარჯვენეების ლიდერმა მარინ ლე პენმა უკვე განაცხადა, რომ ურნაში უმალ ცარიელ ბიულეტენს ჩაუშვებს, ვიდრე სარკოზის ან მის მოწინაღმდეგეს მისცემს ხმას. აღსანიშნავია ასევე, რომ მარინ ლე პენმა ასევე უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ სარკოზიმ "უკვე დიდი ხნის წინ წააგო".
საფრანგეთის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, გავლენიანმა ფრანგმა პოლიტიკოსმა და ცენტრისტული პარტიის "დემოკრატიული მოძრაობა" თავმჯდომარემ ფრანსუა ბაირუმ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ის პირადად საფრანგეთის სოციალისტური პარტიის კანდიდატს ფრანსუა ოლანდს დაუჭერს მხარს.
საზოგადოების აზრით, მსგავსი განცხადება შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს ფრანსუა ოლანდის მიერ მოქმედ პრეზიდენტზე ნიკოლა სარკოზიზე გამარჯვების საქმეში, რომელიც სოციალისტს ისედაც ჩამორჩება.
ფრანსუა ბაირუს ამ განცხადებამ ფრთები შეასხა ფრანსუა ოლანდის წინასაარჩევნო შტაბს, ხოლო ნიკოლა სარკოზის მომხრეები კი გაანაწყენა. ამავდროულად 2 მაისს წინასაარჩევნო მარათონის ფარგლებში გამართულ ტელედებატებში ნიკოლა სარკოზიმ თავის მოწინააღმდეგეზე გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო და ამით, გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურამდე სიტუაციის შეცვლის ბოლო შანსიც დაკარგა. ამ ტელედებატებს დაახლოებით 17,9 მილიონმა ფრანგმა უყურა.
ამავე დროს მედიაში ამჟამად ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ფრანსუა ოლანდთან არსებული სხვაობა შეამცირა და მას მიუახლოვდა კიდეც. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, რომელთაც დასავლური მედია აქვეყნებს, ბოლო კვირის განმავლობაში სარკოზის რეიტინგი 1-2 % გაიზარდა.
"Harris Interactive"-ს მიერ ჩატარებული გამოკითხის შედეგად ირკვევა, რომ არჩევნებამდე ორი დღით ადრე სოციალისტების ლიდერს ფრანსუა ოლანდს მზადაა ხმა მისცეს ამომრჩეველთა 53 %, მაშინ როდესაც ამავე გამოკითხვით ნიკოლა სარკოზის თავის ხმას 47 % აძლევს. ბოლოს ჩატარებულ გამოკითხვასთან შედარებით ამ გამოკითხვაში ნიკოლა სარკოზის რეიტინგმა 2 %-ით მოიმატა. აღსანიშნავია ასევე, რომ რესპოდენტთა 31 % აცხადებს, რომ ტელედებატების დროს უფრო დამაჯერებელი ოლანდი იყო. ხოლო 29 % განაცხადა, რომ სარკოზი დებატებში ლიდერობდა.
ამავე დროს, თითქმის იგივე ძალთა გადანაწილებაა მეორე კომპანია - "CSA"-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად. სოციოლოგების განცხადებით, ბოლო კვირის განმავლობაში სარკოზიმ სხვაობა 1 % შამცირა. ამ გამოკითხვისთ ტელედებატების გამარჯვებულად ოლანდი 44 %-მა დაასახელა, სარკოზი კი 38 %მა.
"ქართული მედია ისევ დუმს საფრანგეთის ამბებზე. ამიტომ ჩემს მეგობრებს მაინც მოვუყვები ორი სიტყვით მნიშვნელოვან ახალ ამბავს", _ წერს საფრანგეთში მაცხოვრები პუბლიცისტი პაატა ქურდაძე "ფეისბუკში".
"მემარჯვენე ცენტრისტმა ფრანსუა ბაირუმ გუშინ განაცხადა, რომ ხმას სოციალისტ ფრანსუა ოლანდს აძლევს. ესეთი რამ პირველად მოხდა საფრანგეთის ისტორიაში, ცენტრისტები ტრადიციულად ხმას მემარჯვენეებს უჭერენ. ასე რომ სარკოზი ულტრამემარჯვენეების იმედზეღა დარჩა, რომლებიც ასევე არ აპირებენ მისთვის ხმის მიცემას", - აღნიშნავს ქურდაძე.
ქურდაძის ვარაუდით, თუ სარკოზი ლი პენის დახმარებით გაიმარჯვებს, მაშინ "საფრანგეთი შესამჩნევად "გაყავისფრდება" ფაშისტების უნიფორმასავით".
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ფრანსუა ოლანდმა 28,63 % , ნიკოლა სარკოზიმ კი 27,18 % ხმები მიიღეს.