რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო კავშირში აგრძელებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებასა და გამოძიებას, რომელიც ლონდონში მაცხოვრებელ ბიზნესმენს ბორის ბერეზოვსკის ეხება და რომელსაც ბრალი ედება ტრანსნაციონალური საზოგადოების შემადგენლობაში რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენაში. გენერალური პროკურატურა ასევე იუწყება, რომ მალე ახალ მონაცემებს გამოაქვეყნებს.
უწყება უარყოფს თავად ბორის ბერეზოვსკის მტკიცებას იმის შესახებ, რომ მისი სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკური ხასიათიაა.
"ბორის ბერეზოვსკისა და მისი თანამზრახველების მიმართ, რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ უკვე გამოტანილია რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენი. კიდევ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის წარმოება კი გრძელდება", _ ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
ამასთან ერთად, გენერალური პროკურატურა აღნიშნავს, რომ ბორის ბერეზოვსკის მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენები არის გამოტანილი არა მხოლოდ რუსეთის მიერ, არამედ შვეიცარიის მიერაც.
ამას გარდა, უწყება ამტკიცებს, რომ ბორის ბერეზოვსკის ფიგურის მიმართ ინტერესს სხვა ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებიც ამჟღავნებენ.
"რუსეთის გენერალური პროკურატურა, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ჯერჯერობით არ ახმაურებს ამ სისხლის სამართლის საქმეების დეტალებს საბოლოო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე. თუმცა მათ კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ჩვენ აუცილებლად ჩავაყენებთ ფართო საზოგადოებას ბერეზოვსკისა და მისი გუნდის ახალ-ახალ დამნაშავეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით", _ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
თავად ბერეზოვსკის კომენტარი ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია.