მოლდოვის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ნიკოლაი ტიმოფტიმ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედროების ყოფნას დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში "პირველხარისხოვან საფრთხედ" მიიჩნევს. ეს განცხადება "Moldnews" -ის ინფორმაციით, მან "Radio Chisinau"-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
რესპუბლიკის მეთაურმა გამოთქვა იმედი, რომ მისი მოწოდება რუსეთის არმიის გაყვანის შესახებ რუსული მხარის მიერ იქნება აღქმული.
პრეზიდენტმა ეს განცხადება რუმინეთში ვიზიტის წინ გააკეთა. ამ თემაზე საუბრისას მან რუმინეთი მოლდოვისათვის ყველაზე ახლო ქვეყანად დაასახელა და ასევე განაცხადა, რომ "შესაძლოა ევროინტეგრაციის პროცესში რუმინეთის მაგალითი გადაღებული იყოს".
აღსანიშნავია, რომ ტიმოფტიმ, რომელიც ამ ქვეყნის პრეზიდენტად 16 მარტს აირჩიეს, ამ თანამდებობაზე ყოფნის პირველივე დღეს განაცხადა, რომ იგი დნესტრიპირეთიდან რუსული სამხედრო კონტიგენტის გაყვანასა და მათი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიით ჩანაცვლებას ემხრობა.