ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სამი აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები მას შემდეგ გაისმა, რაც ქაბული აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დატოვა.
"როიტერი" ავღანეთის შსს-ზე დაყრდნობით ორი დაღუპულის შესახებ იტყობინება.
პასუხისმგეებლობა აფეთქებებზე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ავღანეთში ვიზიტი საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა. აშშ-ის პრეზიდენტმა და ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ ხელი მოაწერეს 10- წლიან ხელშეკრულებას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ.
ხელშეკრულებაში აღნიშნულია იმ როლის შესახებ, რომელიც აშშ-მა უნდა შეასრულოს 2014 წლის შემდეგ, როდესაც ნატოს სამხედრო ძალების უმეტესობა ავღანეთს დატოვებს.
დასავლეთის მედიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ობამა ავღანეთში აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ალ-ქაიდას ყოფილი ლიდერის, მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის, უსამა ბენ ლადენის ლიკვიდაციის წლისთავზე ჩავიდა.