ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ ევრო-2012-სთვის უკრაინაში გამგზავრებას არ აპირებს, - ეს განცხადება დღეს ევროკავშირის უმაღლესი ორგანოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა პია არენკილდეს ჰანსენმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"თავმჯდომარე არ აპირებს ახლა უკრაინის მონახულებას ან მონაწილეობის მიღებას ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე ღონისძიებებში. ასეთია ჩვენი პოზიცია ამ მომენტისთვის", _ განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და იმედი გამოთქვა, რომ ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს ირგვლივ შექმნილი სიტუაცია გაირკვევა.
შეგახსნებთ, რომ ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი ტიმოშენკოს გამო უკრაინაში გამგზავრებას ბოიკოტს უცხადებს. იგი უარს აცხადებს მონაწილეობა მიიღოს ცენტრალური ევროპის სახელმწიფო მეთაურების სამიტში, რომელიც იალტაში 11-12 მაისს უნდა გაიმართოს. კლაუსის ეს გადაწყვეტილება უკრაინის ექს-პრემიერის ირგვლივ არსებულ სიტუციასთანაა დაკავშირებული.
ჩეხეთის პრეზიდენტამდე უკრაინაში გამგზავრებაზე უარი გერმანიის პრეზიდენტმა იოჰან გაუკმაც განაცხადა.
გერმანიის პრეზიდენტმა თავისი უარი გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან შეათანხმა.
აღსანიშნავია, რომ კვირას ჟურნალი "Spiegel"-ი წერდა, რომ გერმანიის კანცლერმა ტიმოშენკოსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო შესაძლოა გერმანიის მთავრობს წევრებს უკრაინაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ბოიკოტირების რეკომენდაცია მისცეს. გამოცემა ასევე წერდა, რომ თავად მერკელი ჩემპიონატზე გამგზავრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ ტიმოშენკოს გაათავისუფლებენ.