ჩეჩნეთში ე.წ. ღირსების სახელით ჩადენილი დანაშაულის რაოდენობამ იმატა, მაშინ, როდესაც ნათესავები ქალებსა და გოგონებს უსწორდებიან, თუკი ეჭვს აიღებენ, რომ მათ ამორალური საქციელი ჩაიდინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული "The Washington Times" -ი ავრცელებს. სტატიის ავტორი დიანა მარკოსიანი ამას იმით ხსნის, რომ კონტრტერორისტული ოპერაციის დასრულების შემდეგ ჩეჩნეთის რესპუბლიკამ "ისლამის ფუნდამენალური ინტერპრეტაცია მიიღო", მეთაურმა რამზან კადიროვმა კი ერთხელ ასეთი დანაშაული გაამართლა კიდეც.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გროზნოსა და მის ირგვლივ მიმდებარე ტერიტორიებზე, სოფლებში ან გზის განაპირას ათობით ახალგაზრდა ჩეჩენი ქალის გვამია აღმოჩენილი. "ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა საჯაროდ განაცხადა, რომ დახოცილი ქალები ამორალურნი იყვნენ და ნათესავებმა ისინი სამართლიანად დახოცეს. მან ასევე ქალებს ქმრების საკუთრება უწოდა და მათ ძირითად როლად ბავშვების მუცლით ტარება დაასახელა", _ ნათქვამია სტატიაში.
მათი ინფორმაციით, "დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ამგვარ მკვლელობათა რაოდენობა ჩეჩნეთში იზრდება. თუმცა ადგილობრივ მოსახლეობაში ეს თემა უკიდურესად ტაბუდადებული რჩება და ოფიციალური სტატისტიკა ძნელად მოსაპოვებელია", _ წერს გაზეთი და კონკრეტული რიცხვები არ მოჰყავს.
ადგილობრივი უფლებების დამცველი ქალი, რომელმაც ანონიმურობის დაცვა არჩია, ამბობს, რომ ამგვარი შემთხვევების შესახებ თითქმის ყოველდღიურად იგებს, თუმცა თავად ამ საქმეების გამოძიებით მეტად დაკავებული არ არის, ვინაიდან "ძალიან შეშინებულია".