ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გარდაცვლილი იპოვეს ლიბიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გასულ წელს მოკლული ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი, 69 წლის შუკრი განემი.
პოლიციის ინფორმაციით, ექს-პრემიერის ცხედარი ქალაქში, მდინარე დუნაის ნაპირზე ხიდის ქვეშ იპოვეს.
ექს-პრემიერი გუშინ დილით სახლიდან ადრიანად გავიდა. მას თან არ აღმოჩნდა არავითარი დოკუმენტი, გარდა ქაღალდისა, რომელზედაც ეწერა იმ კომპანიის სახელი სადაც ექს-პრემიერი მუშაობდა.
პოლიციის ინფორმაციით ცხედარზე ძალადობის ნიშნები არ აღინიშნება. გარდაცვალების მიზეზები ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.
შუკრი განემის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ მას, შესაძლოა, ინფარქტი დაემართა.