უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკში მომხდარი აფეთქებების სერიის გამო მიღებულია გადაწყვეტილება ყველა სამხედრო ობიექტის გაძლიერებული დაცვისა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
"უკლებლივ ყველა სამხედრო ობიექტსა და სამხრედრო ნაწილში, ორგანიზაციაში, დაწესებულებებსა და სხვა ობიექტებზე მიღებულია დაცვის გაძლიერების გადაწყვეტილება.ანტიტერორისტული დანაყოფის პირადი შემადგენლობა კი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი დასახული ამოცანების დაუყოვნებლივ შესასრულებლად", _ ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსნებთ, რომ დნეპროპეტროვსკის ცენტრში მომხდარ აფეთქებათა სერიის გამო დაზარალებულ ადამიანთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. დაზარალებულთა შორის 10 ბავშვია. ამჟამად საავადმყოფოში 22 ადამიანი რჩება, მათგან მძიმე მდგომარეობაში ოთხია, საშუალო სიმძიმის - შვიდი, ხოლო მსუბუქი სიმძიმის თერთმეტი ადამიანი.
დნეპროპეტროვსკში გუშინ ოთხი აფეთქება მოხდა. აფეთქებები ერთმანეთის მიყოლებით გაისმა. პირველი აფეთქება გაჩერებაზე მდგარ ნაგვის ყუთში მოხდა. ეს აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ამ გაჩერებაზე ტრამვაი გაჩერდა, რომელშიც ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი იჯდა.
ამის შემდეგ 40 წუთში მეორე აფეთქება სარკინიგზო სადგურთან მდგარ ნაგვის ყუთში მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე ტრამვაისა და ავტომობილების შუშები ჩაამსხვრია. მესამე აფეთქება პარკთან მოხდა. მეოთხე აფეთქება კი იმავე რაიონში კარლ მარქსის პროსპექტზე ოპერის თეატრთან გაჩერებაზე გაისმა.