უკრაინის უშიშროების სამსახური დნეპროპეტროვსკში მომხდარი აფეთქებების ორგანიზატორების დაკავების საქმეში დახმარებას მოქალაქეებს სთხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ სერიის უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური მზადაა მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც დნეპროპეტროვსკში მომხდარ აფეთქებებთან იქნება კავშირში. სპეცსამსახურები ასევე აცხადებენ, რომ ინფორმატორთა ანონიმურობა გარანტირებულია. საქმე "ტერაქტის" მუხლითაა აღძრული.
აღსანიშნავია, რომ გუშინ აფეთქებების შემდეგ მალევე პრესით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელმა სამართალდამცავებმა აფეთქებების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირების პირველი დაკავებები უკვე განახორციელეს, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.
შეგახსენებთ, რომ დნეპროპეტროვსკის ცენტრში მომხდარ აფეთქებათა სერიის გამო დაზარალებულ ადამიანთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. დაზარალებულთა შორის 10 ბავშვია. ამჟამად საავადმყოფოში 22 ადამიანი რჩება, მათგან მძიმე მდგომარეობაში ოთხია, საშუალო სიმძიმის - შვიდი, ხოლო მსუბუქი სიმძიმის თერთმეტი ადამიანი.
დნეპროპეტროვსკში გუშინ ოთხი აფეთქება მოხდა. აფეთქებები ერთმანეთის მიყოლებით გაისმა. პირველი აფეთქება გაჩერებაზე მდგარ ნაგვის ყუთში მოხდა. ეს აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ამ გაჩერებაზე ტრამვაი გაჩერდა, რომელშიც ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი იჯდა.
ამის შემდეგ 40 წუთში მეორე აფეთქება სარკინიგზო სადგურთან მდგარ ნაგვის ყუთში მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე ტრამვაისა და ავტომობილების შუშები ჩაამსხვრია. მესამე აფეთქება პარკთან მოხდა. მეოთხე აფეთქება კი იმავე რაიონში კარლ მარქსის პროსპექტზე ოპერის თეატრთან გაჩერებაზე გაისმა.