უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დნეპროპეტროვსკში გუშინ მომხდარი ტერაქტების შედეგად დაზარალებულები მოინახულა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
დნეპროპეტროვსკში ჩასულმა უკრაინის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ აფეთქებები შესაძლოა უკრაინაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისკენ იყო მიმართული. ეს განცხადება იანუკოვიჩმა საზარალებულების მონახულებისას გააკეთა.
"არ დავუშვათ მსგავსის გამეორება მომავალში - ეს ჩვენი მთავარი მიზანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ დანაშაულის მიზეზების გამოძიება", _ განაცხადა იანუკოვიჩმა.
მისივე განცხადებით, მომხდარი აფეთქებების გამოძიების საქმეში ჩართული არიან ქვეყნის საუკეთესო სპეციალისტები, რომლებიც ძალას არ იშურებენ იმისათვის, რომ დამნაშავეები იპოვონ.
შეგახსენებთ, რომ დნეპროპეტროვსკის ცენტრში მომხდარ აფეთქებათა სერიის გამო დაზარალებულ ადამიანთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. დაზარალებულთა შორის 10 ბავშვია. ამჟამად საავადმყოფოში 22 ადამიანი რჩება, მათგან მძიმე მდგომარეობაში ოთხია, საშუალო სიმძიმის - შვიდი, ხოლო მსუბუქი სიმძიმის თერთმეტი ადამიანი.
დნეპროპეტროვსკში გუშინ ოთხი აფეთქება მოხდა. აფეთქებები ერთმანეთის მიყოლებით გაისმა. პირველი აფეთქება გაჩერებაზე მდგარ ნაგვის ყუთში მოხდა. ეს აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ამ გაჩერებაზე ტრამვაი გაჩერდა, რომელშიც ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი იჯდა.
ამის შემდეგ 40 წუთში მეორე აფეთქება სარკინიგზო სადგურთან მდგარ ნაგვის ყუთში მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე ტრამვაისა და ავტომობილების შუშები ჩაამსხვრია. მესამე აფეთქება პარკთან მოხდა. მეოთხე აფეთქება კი იმავე რაიონში კარლ მარქსის პროსპექტზე ოპერის თეატრთან გაჩერებაზე მოხდა.