დნეპროპეტროვსკის ცენტრში მომხდარ აფეთქებათა სერიის გამო დაზარალებულ ადამიანთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. დაზარალებულთა შორის 10 ბავშვია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს და აცხადებს, რომ დაზარალებული ადამიანები ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფილნი არიან.
მათივე ინფორმაციით ამჟამად საავადმყოფოში 22 ადამიანი რჩება, მათგან მძიმე მდგომარეობაში ოთხია, საშუალო სიმძიმის - შვიდი, ხოლო მსუბუქი სიმძიმის თერთმეტი ადამიანი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება მამაკაცი, რომელსაც ხელია ამპუტაცია დასჭირდა, ასევე მედიკოსები ამჟამად დაჭრილი 16 წლის გოგონასათვის სახის შენარჩუნებას ცდილობენ. მას ნამსხვრევებმა სახე მთლიანად დაუზიანა.
შეგახსნებთ, რომ დნეპროპეტროვსკში გუშინ ოთხი აფეთქება მოხდა. აფეთქებები ერთმანეთის მიყოლებით გაისმა. პირველი აფეთქება გაჩერებაზე მდგარ ნაგვის ყუთში მოხდა. ეს აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ამ გაჩერებაზე ტრამვაი გაჩერდა, რომელშიც ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი იჯდა.
ამის შემდეგ 40 წუთში მეორე აფეთქება სარკინიგზო სადგურთან მდგარ ნაგვის ყუთში მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე ტრამვაისა და ავტომობილების შუშები ჩაამსხვრია. მესამე აფეთქება პარკთან მოხდა. მეოთხე აფეთქება კი იმავე რაიონში კარლ მარქსის პროსპექტზე ოპერის თეატრთან გაჩერებაზე გაისმა.