დიდ ბრიტანეთში მიმოქცევაში შემოსული ახალი მონეტები (5 და 10 პენსო ) შეიძლება ჯანმრთელობისთვის სახიფათო აღმოჩნდეს. ამის შესახებ გაფრთხილებას ბრიტანელი ექიმების ჯგუფი აკეთებს.
ეს მონეტები ფოლადისგან კეთდება და ნიკელის თხელი ფენით იფარება. დერმატოლოგების აზრით, "ამან შეიძლება კანის გაღიზიანება და დაავადება გამოიწვიოს", - ნათქვამია მოხსენებაში.
შიშის დასადასტურებლად ინგლისელ სპეციალისტებს შვედი მედიკოსების დასკვნა მოჰყავთ იმის შესახებ, რომ "ამ ტიპის მონეტას თან ახლავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის დაუშვებელი რისკი".
ასევე ხშირია სერიოზული ალერგიული რეაქცია ნიკელზე. დიდ ბრიტანეთში ფართოდაა ცნობილი დიასახლის კიმ ტეილორის ისტორია. ნიკელზე ალერგიული რეაქციის გამო მას უწევდა ყველაფერი ფრჩხილის უფერო ლაქით დაეფარა, რათა თავი დაეცვა. ალერგია ისე მძაფრადაა განვითარებული, რომ ის თვეში ერთხელ ლაქით ფარავს სახლში არსებულ ლითონის ნივთებს: კარის სახელურებს, მაკრატელს და ა.შ. მას ასევე უწევს თავიდან აიცილოს წვრილი მონეტების გამოყენება.