დნეპროპეტროვსკის ცენტრში მომხდარ აფეთქებათა სერიის გამო დაზარალებულ ადამიანთა რაოდენობა 29 მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
შეგახსნებთ, რომ დნეპროპეტროვსკში დღეს ოთხი აფეთქება მოხდა. აფეთქებები ერთმანეთის მიყოლებით გაისმა. აქამდე ცნობილი იყო, რომ აფეთქებების შედეგად დაიჭრა 27 ადამიანი, მათ შორის 25 ჰოსპიტალიზებულია.
პირველი აფეთქება გაჩერებაზე მდგარ ნაგვის ყუთში მოხდა. ეს აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ამ გაჩერებაზე ტრამვაი გაჩერდა, რომელშიც ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი იჯდა.
ამის შემდეგ 40 წუთში მეორე აფეთქება სარკინიგზო სადგურთან მდგარ ნაგვის ყუთში მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე ტრამვაისა და ავტომობილების შუშები ჩაამსხვრია. მესამე აფეთქება პარკთან მოხდა. მეოთხე აფეთქება კი იმავე რაიონში კარლ მარქსის პროსპექტზე ოპერის თეატრთან გაჩერებაზე გაისმა.