დნეპროპეტროვსკის შესასვლელ - გამოსასვლელში ყველა სატრანსპორტო საშუალება საგულდაგულოდ მოწმდება. ეს განცხადება უკრაინის შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ პოლიშჩუკმა გააკეთა.
"ეს ერთ ერთი იმ სპეცოიალიზირებულ ღონისძიებათაგანია რომელსაც მილიცია ატარებს. შემოწმებები მიდის ყველგან ქალაქის შესავლელ-გამოსასვლელში, მეტროპოლიტენში, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და ადამიანების თავშეყრის ადგილებში", _ განაცხადა მან. მისივე თქმით, საზოგადოებრივი წესრიგის კონტროლისათვის ჩართულია შინაგანი ჯარის დამატებითი ნაწილები და მიმდინარეობს ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები.
ამასთან ერთად უკრაინის შს სამინისტროს დნეპროპეტროვსკის ოლქის მთავარი სამმართველოს ბაზაზე შექმნილია ოპერატიული შტაბი, რომელიც დნეპროპეტროვსკის ცენტრში მომხდარ აფეთქებებს იძიებს. მან უკრაინის შს მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, რომ დნეპროპეტროვსკში დღეს ოთხი აფეთქება მოხდა. აფეთქებები ერთმანეთის მიყოლებით გაისმა. უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად დაიჭრა 27 ადამიანი, მათ შორის 25 ჰოსპიტალიზებულია.
პირველი აფეთქება გაჩერებაზე მდგარ ნაგვის ყუთში მოხდა. ეს აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ამ გაჩერებაზე ტრამვაი გაჩერდა, რომელშიც ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი იჯდა.
ამის შემდეგ 40 წუთში მეორე აფეთქება სარკინიგზო სადგურთან მდგარ ნაგვის ყუთში მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე ტრამვაისა და ავტომობილების შუშები ჩაამსხვრია. მესამე აფეთქება პარკთან მოხდა. მეოთხე აფეთქება კი იმავე რაიონში კარლ მარქსის პროსპექტზე ოპერის თეატრთან გაჩერებაზე გაისმა.