დნეპროპეტროვსკში დღეს ოთხი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აფეთქებები ერთმანეთის მიყოლებით გაისმა. უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მიერ გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად დაიჭრა 27 ადამიანი, მათ შორის 2 ჰოსპიტალიზებულია. დნეპროპეტროვსკში უკრაინის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო ჩადის.
პირველი აფეთქება გაჩერებაზე მდგარ ნაგვის ყუთში მოხდა. ქალაქის ცენტრში მომხდარ ამ აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ამ გაჩერებაზე ტრამვაი გაჩერდა, რომელშიც ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი იჯდა.
ამის შემდეგ 40 წუთში მეორე აფეთქება სარკინიგზო სადგურთან მდგარ ნაგვის ყუთში მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე ტრამვაისა და ავტომობილების შუშები ჩაამსხვრია.
მესამე აფეთქება პარკთან მოხდა. მეოთხე აფეთქება კი იმავე რაიონში კარლ მარქსის პროსპექტზე ოპერის თეატრთან გაჩერებაზე გაისმა. სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღიძრა.