ყაზახეთში, ნორვეგიაში და გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივ წარმომადგენლად ახალი ელჩები პარლამენტმა დღევანდელ პლენარულს სხდომაზე დაამტკიცა. კერძოდ, ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით მუმლაძე, ნორვეგიის სამეფოში მამუკა ციხელაშვილი, ხოლო გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივ წარმომადგენლად შალვა ცისკარაშვილი იქნებიან.
დავით მუმლაძე 1964 წელს ხონში დაიბადა. 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს იყო იუსტიციის საბჭოს მდივანი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის პირველი მოადგილე, თბილისის მერიის ადმინისტრაციული ინსპექციის უფროსი, პარლამენტის წევრი, პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის რეგიონში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
მამუკა ციხელაშვილი დაიბადა 1971 წელს თბილისში. 1993 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1997-2003 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2003-2007 წლებში იყო სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კონსული, 2007-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, ხოლო 2009 წლის 1 იანვრიდან დღემდე არის ამავე დეპარტამენტის დირექტორი.
შალვა ცისკარაშვილი 1973 წელს არის დაბადებული და დღემდე გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ მუშაობს.